• ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

  • ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

  • ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

  • ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

  • ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

  • ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

ფარის სვიფის ჯგრაგის (წმ. გიორგის) ეკლესია.

მოზრდილი დარბაზული ეკლესია დასაველთი მინაშენით ფარის თემოს სოფელ სვიფის განაპირას, მაღალ ბორცვზეა აღმართული. იგი X საუკუნეშია აგებული და მის ინტერიერში სხვადასხვა დროის ორი მოხატულობაა შემორჩენილი - I ფენა, რომელიც X საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება და II ფენა, რომელიც XIV საუკუნის მიწურულით თარიღდება. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადს, XII საუკუნის მოხატულობა ამშვენებს.

ეკლესიის I ფენის მხატვრობა სვანეთის ადრეულ მოხატულობათა მეტად საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. მასში მთელი სიცხადით აისახა ის შემოქმედებითი ძიებანი ეკლესიის ინტერიერის ფერწერული დეკორით სრულად შემკობის მიმართულებით, რაც სვანეთის ადრეულ მოხატულობებში იხილვება და ამ ძიებათა დამასრულებელ ეტაპზე მიანიშნებს. ეს კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს სვიფის ამ მხატვრობის მნიშვნელოვნებასა და მის ადგილს სვანეთის ადრეულ მოხატულობათა რიგში. 

სვიფის II ფენის მოხატულობა ერთ-ერთია სვანეთის ე.წ. პალეოლოგოსთა ხანის ფერწერულ ანსამბლთაგან და მრავალი ნიშნითაა საინტერესო. მოხატულობის საერთო იკონოგრაფიული პროგრამის შემადგენლობა (ვედრება, ეკლესიის წმ. მამათა, წმ. თავ მოციქულთა და წმ. დიაკვანთა რიგი - საკურთხეველში, ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებანი - დარბაზში), ინტერიერში სცენათა განაწილების პრინციპი (განსაკუთრებით აღსანიშნავია კამარის გადაწყვეტა, მის ცენტრში საგანგებოდ გამოყოფილი ორი კომპოზიციით - ამაღლება, ქრისტე-ძველი დღეთა), ეკლესიის წმ. მამათა და წინასწარმეტყველთა გრაგნილების წარწერების ჩათვლით, ოდნავი ნჲუანსირებით, იმეორებს ლაღამის ზედა ეკლესიის ინტერიერის მოხატულობისას და იმავე ზოგად-ესქატოლოგიური იდეის გამომხატველია, რაც ეს უკანასკნელი. ამ ორი მოხატულობის ასეთი ძლიერი მსგავსება იმით აიხსნება, რომ მათ ერთი და იგივე  ქტიტორი ჰყავს - შალვა ქირქიშლიანი, რომლის, სამწუხაროდ, საკმაოდ შელახული, პორტრეტი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი, ხოლო სვიფი ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია ლაღამში მომუშავე მეორე, ნაკლებ გაწაფული, ოსტატის მიერ, რაზეც, განსაკუთრებით ნათლად, ფიგურათა სახისა და სამოსის დამუშავების მანერაც მეტყველებს. სვიფის მხატვრობაში წარმოჩენილია მხატვრული სტილის თანდათანობითი გასიბრტყოვნება-გაუხეშების ის ზოგადი პროცესი, რომლითაც ნიშანდებულია კედლის მხატვრობის განვითარება სვანეთში XIV-XV საუკუნეებში.

სვიფის საფასადო მხატვრობა შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა და იმითაცაა ღირსშესანიშნავი, რომ, განსხვავებით სვანეთის უმრავლეს საფასადო მოხატულობათაგან, მასში ძველი აღთქმის სცენაა (აბრაამის სტუმართმოყვარეობა) წარმოდგენილი, რაც საკმაოდ იშვიათია ამ დროის საქართველოს კედლის მხატვრობაში.

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა იფარის სოფელ კაცხიდან 10 წუთი ფეხით სავალი გზა
გასაღები გასაღები ინახება იაროსლავ ჩხეტიანთან სოფელ კაცხში

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

ასოციაცია "სვანური ნარჩვი", სოფელი კაცხი

ფარის თემში არსებობს ასოციაცია "სვანური ნარჩვი“, რომელიც აერთიანებს ყველის ტრადიციული სახეობის არაერთ მწარმოებელს და ხელს უწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას. რამდენიმე მეწარმეს უკვე აქვს ტურისტებისთვის ყველის მომზადების დემონსტრაციის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ყველის ამ სახეობის მომზადებას ორ თვემდე სჭირდება, ვიზიტორს უჩვენებენ პროცესის მხოლოდ რამდენიმე ეტაპს, მათ შორის ყველის მოთავსება სპეციალურ ხის ყუთში. დემონსტრაციას თან ახლავს დეგუსტაცია.

ყველის მწარმოებლები: დარო (ლუსანა) მარგიანი სოფ. კაცხი, ფარი და ჩიტო კვიციანი, სოფ. კაცხი, ფარი. მათგან შესაძლებელია ყველის ყიდვა, აგრეთვე ყველის მომზადების მასტერკლასის და დეგუსტაციის დაჯავშნა.

ნიკა ჩხეტიანი - სოფ. კაცხი

ხეზე კვეთის ოსტატი, ასევე ფლობს ტრადიციულ საკრავებს:  ჩანგი, ფანდური, ჭუნირი და მღერის. 

მას ჯერ არა აქვს გამართული სახელოსნო, რომ შეძლოს ტურისტებისთვის მასტერკლასების მოწყობა.

სოციალური საწარმო "მზეკო"

ფარში დაფუძნებული ქალთა სოციალური საწარმო მუშაობს ტექსტილზე. ამჯერად კერავენ მხოლოდ საწოლის თეთრეულს. მართალია აღნიშნული არ არის ტრადიციული ხელობა, მაგრამ ტურისტებისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს მისი მონახულება ადგილობრივ ქალთა თემის მხარდაჭერის მიზნით.