ზემო სვანეთი დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს წარმოადგენს. სვანეთის გამორჩეულმა გეორგრაფიულმა და ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა მისი თვითმყოფადი კულტურული მემკვიდრეობის შექმნა და შენარჩუნება, რომელიც შუასაუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. ზემო სვანეთი გამორჩეულია თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, მისი სამოქალაქო და საეკლესიო ხუროთმოძღვრებით, ადგილობრივი წარმოების ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშებით, მხატვრული ხის ნაკეთობების სიმრავლითა და მრავალფეროვანი არამატერიარული მემკვიდრეობით. ზემო სვანეთის ურბანული დასახლებების მნიშვნელოვანების გამო უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
ზემო სვანეთის კედლის მხატვრობა შუასაუკუნოვანი ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული ფენომენია. სვანური ფერწერული სკოლის განვითარება IX-X საუკუნეებიდან XVII საუკუნემდე მიმდინარეობდა, რომელიც გამოირჩევა ეკლესიათა ინტერიერის, ფასადთა თუ კანკელთა მოხატულობის სიმრავლითა და მრავაფეროვნებით. შემორჩენილი კედლის მხატვრობის მასშტაბი და სპექტრი საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ სკოლის განვითარების ეტაპებს, როგოც აკადემიური წრის შემოქმედებაში ისე ხალხური ოსტატების ქმნილებებში და მათ თამხლებ შემოქმედებით პროცესებს.
ნეზგუნის მაცხოვრის ეკლესიის საკურთხევლის IX-X საუკუნეების მოხატულობა ყველაზე ადრეულია სვანეთში. X საუკუნის კელდის მხატვრობა, ჩვაბიანის მაცხოვრის, აცის თარინგზელის, იფხის ჯგრაგის (წმ. გიორგის), ჰადიშის ჯგრაგის, ფხოტრერის თარინგზელის, ქურაშის ჯგრაგის, ჟიბიანის ლამარიას (ღმრთისმშობლისა), ფარის სვიფის ჯგრაგის ეკლესიებშია შემონახული. XI საუკუნის დასაწყისის მოხატულობაა დაცული ლაღამის მაცხოვრის (ქვედა ეკლესიის თავდაპირველი მოხატულობა) ეკლესიაში;
XI ს-ის მიწურული-XIII ს-ის დასაწყისის სვანური ფერწერული სკოლის აღორძინება მეფის მხატვარ თევდორესა და მიქელ მაღლაკელს უკავშირდება. სვანეთში ამ ეპოქის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნიმუშებია გადარჩენილი.
თამარის ეპოქისაა, XII-XIII სს.-ის ჰადიშის მაცხოვრისა და ჟამუშის მაცხოვრის ეკლესიათა მოხატულობა.
XIII საუკუნის არის ფხოტრერის თარინგზელი (II ფენა), ჭოხულდის მაცხოვარი, ჟიბიანის ლამარია (II ფენა), წვირმის თარინგზელ-ზაგარი (ზაგარის უბნის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია) მოხატულობანი.
იენაშის იანი (იონა წინასწარმტყველის, XIII-XIV სს-ის მიჯნა), ლაღამის მაცხოვარი (ზედა ეკლესია) და მხერი (ორივე, XIV ს-ის შუა ხანა), ფარის სვიფის ჯგრაგი, (II ფენა, XIV ს-ის მიწურული), ლაშთხვერის თარინგზელი (საკურთხეველი XIV ს-ის შუახანა, დარბაზი XIV-XV სს-ის მიჯნა) ე.წ. პალეოლოგოსთა ხანის მოხატულობების ცალკე ჯგუფს წარმოადგენს ერთგვარი წარსულის "ნოსტალგიური” განწყობით.
სვანეთი გამორჩეულია ხალხური კედლის მხატვრობის სიმრავლით XII საუკუნიდან მოყოლებული (ცალდაშის მაცხოვარი, ჰადიშის თარინგზელი, წვირმის ჯგრაგ ჩობანი), XIII საუკუნის (ლახუშდის თანღილ-თარინგზელი, ხეს ბარბალი (წმ. ბარბარეს ეკლესია), XIV საუკუნისა (ღეშტერის კაიშე-თარგლეზერი (წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია) და XV საუკუნის (ლეხთაგის ლამარია) ჩათვლით.
მოხატულობებით ტაძართა ინტერიერის შემკობის გარდა, სვანეთში მომუშავე ოსტატები ფასადთა მხატვრობით გამშვენებაზეც ზრუნავდნენ. ზემო სვანეთში ფასდთა მოხატულობის შესანიშნავი ნიმუშებია შემორჩენილი, რომელიც სვანური ფერწერული სკოლის განვითარების ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს - X ს.: აცის თარინგზელი, ნაკიფარის ჯგრაგი; XI-XII სს-ის მიჯნა: ჰადიშის ჯგრაგი; XII ს.: ფარის სვიფის ჯგრაგი, იფრარის თარინგზელი; XII-XIII სს-ის მიჯნა: იფხის ჯგრაგი; XIV ს-ის შუახანა: ლაღამის მაცხოვარი (ზედა ეკლესია); XIV-XV სს-ის მიჯნა: ლაშთხვერის თარინგზელი; XVI ს.: მაცხვარიშის თარინგზელი; XVII ს.: ჩაჟაშის მაცხოვარი.
ზემო სვანეთის ეკლესიათა დეკორის სპეციფიკური მახასიათებელია კანკელთა მოხატულობა, რომელიც ასევე გამოირჩევა სიმრავლით, დეკორატიული და ხშირად მოწამე წმინდანების გამოსახულებათა მრავალფეროვნებით.
ზემო სვანეთის შუასაუკუნოვანი მხატვრობ, მისი მრავალფეროვნებითა და მხატვრული ღირსებებით კაცობრიობის საგანძურია და იმსახურებს მოგზაურთა ყურადღებას.