მოზრდილი ორსართულიანი დარბაზული ეკლესია, მინაშენებით დასავლეთ მხარეს (ორივე სართულზე), ისტორიულად მესტიის თემში შემავალ სოფელ ლაღამშია აღმართული. რთული არქიტექტურული სტრუქტურის მქონე ეს ნაგებობა სხვადასხვა დროის სამშნებლო ფენებს მოიცავს, რაც მისი ამჟამინდელი სახის საბოლოოდ ჩამოყალიბების ნათელ სურათს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ლაღამის გარდა, ზემო სვანეთში ორსართულიანი ეკლესიის მხოლოდ ერთი ნიმუშია ცნობილი, რომელიც უფრო მოგვიანო დროისაა (იხ. წვირმის თარინგზელ-ზაგარის ეკლესია).
ლაღამში ყველაზე ადრეული X საუკუნის ძალზე მცირე ზომის ეკლესიაა (ამჟამად, ქვედა ეკლესია), ბრტყელი საკურთხევლით, რომელიც, სვანეთისთვის არა-ტრადიციულად, კონქითაა დასრულებული. მშენებლობის შემდგომ ეტაპს, XIV საუკუნეს, მიეკუთვნება ზედა, უფრო მოზრდილი დარბაზული ეკლესია და ორივე სართულზე მოწყობილი მინაშენები, რომელთა შორის, თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ყურადსაღებია ქვედა ეკლესიის სამ-კომპარტიმენტიანი მინაშენი - საკმაოდ არა-სტანდარტული მაგალითი სვანეთში ცნობილ ეკლესიათა თანადროულ თუ უფრო გვიან აგებულ მრავალრიცხოვან მინაშენებს შორის.
ლაღამის ეკლესია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი ზედა ეკლესიის მოხატულობამ ეკლესიის ამჟამინდელი სახის შექმნის ქტიტორისა და ზედა ეკლესიის მოხატულობათა მომგებლის ვინაობებიც შემოგვინახა. ზედა ეკლესიის ინტერიერის მოხატულობის პროგრამაში ჩართული შალვა ქირქიშლიანის საქტიტორო პორტრეტის თანმხლები წარწერა გვაუწყებს: „შალვა ქირქიშლიანსა, ამა ეკლესიისა მაშენებელსა შეუნდვენ ღმერთმან. მისსა ძმასა ნექეს, შეუნდვენ ღმერთმან; მან დახატა ეკლესია ესე“, რაც მკაფიოდ ნათელჰყოფს შალვა და ნექე ქირქიშლიანთა ღვაწლს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაღამის გარდა, შალვა ქირქიშლიანი ფარის თემის სოფელ სვიფის ჯგრაგის ეკლესიის II ფენის მხატვრობის ქტიტორიცაა, რაზეც ამ ეკლესიაში შემორჩენილი მისი საქტიტორო პორტრეტი მეტყველებს.
ლაღამის ეკლესიათა მოხატულობანიც სხვადასხვა ეპოქის შემოქმედების კვალს ატარებს და, ამ მხრივაც, ლაღამი საკმაოდ გამორჩეულია. ამ შემთხვევაშიც, უადრესი, ქვედა ეკლესიის მოხატულობებია: აქ, I ფენის მხატვრობა XI საუკუნის დასაწყისით თარიღდება, ხოლო II ფენისა - XII საუკუნის II ნახევრით, ზედა ეკლესიის ინტერიერისა და ფასადების მხატვრობა კი XIV საუკუნის შუახანას განეკუთვნება.
ლაღამის ეკლესიათა მოხატულობები სვანური ფერწერული სკოლის განვითარების სამი მნიშვნელოვანი ეტაპის ამსახველი ანსამბლებია. ქვედა ეკლესიის I ფენის მხატვრობაში ნათლად იკვეთება საბოლოო დასრულება იმ შემოქმედებითი ძიებებისა, რომლითაც ხასიათდება სვანეთის ადრეულ მოხატულობათა ვრცელი ჯგუფი, რაც გულისხმობს ეკლესიის ინტერიერის მხატვრობით სრულად შემკობის სისტემის ყოველმხრივ გამართულობას, ისევე როგორც მხატვრული ხერხებისა და მიდგომების დახვეწას. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაღამის თავდაპირველ მოხატულობაში შეინიშნება გარკვეული შეხების წერტილების არსებობა ტაო-კლარჯეთის XI საუკუნის დასაწყისის ზოგიერთ მოხატულობასთან.
ქვედა ეკლესიის II ფენის მხატვრობა ერთ-ერთი საინტერესოა მიქელ მაღლაკელის წრის მოხატულობათა შორის. მიუხედავად მოხატულობის უკიდურესად ცუდი დაცულობისა, ჯერაც სავსებით შესაძლებელია, აღვიქვათ მისი მხატვრული ღირსებები თუ იმ პრინციპების თავისებური გადამუშავება-მიდევნება, რაც ამ მხატვრული წრის ანსამბლებისთვისაა დამახასიათებელი და თვით ამ მხატვრობის შემქმნელი ოსტატის პროფესიული გაწაფულობა.
ზედა ეკლესიის ინტერიერისა და ფასადთა მოხატულობანი სვანეთის ე.წ. პალეოლოგოსურ მოხატულობათა მეტად საყურადღებო ნიმუშია, რომელიც ეკლესიის შიდა და გარე სივრცის ფერწერული დეკორის ერთიან იდეურ-მხატვრულ ანსამბლად გააზრების, სვანეთისთვის იშვიათ შემთხვევად წარმოგვიდგება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ტრადიციული კომპოზიციების გარდა, ლაღამის ზედა ეკლესიის საფასადო მხატვრობაში გვხვდება ადამ და ევას პირველცოდვით დაცემის ეპიზოდების გამოსახულება, რაც უმაგალითოა შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში.
ზედა ეკლესიის ინტერიერისა და საფასადო მხატვრობა ერთი იმავე ორი ოსტატის მიერაა შექმნილი. უკიდურესი დაზიანების მიუხედავად (განსაკუთრებით საფასადო მხატვრობისა), ჯერაც საკმაოდ შთამბეჭდავია ინტერიერის მოხატულობის საერთო ფერადოვანი გადაწყვეტა, პალიტრის ტონალური სიმდიდრე, ფერადოვანი აქცენტების კონტრასტული დაპირისპირება, ფიგურათა ემოციური გამომსახველობა, დამუშვების ერთგვარი სილბო. ყურადსაღებია, აგრეთვე, წმ. მოწამე დედათა სიმრავლე, რაც ასევე გამოარჩევს ამ მოხატულობას ზემო სვანეთის თანადროულ თუ სხვა ეპოქათა ანსამბლებისგან.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს მესტიის ისტორიული უბნის ლაღამის ცენტრში |
|
| გასაღები | ინახება რეზო ხოჯელანთან |
|