მცირე ზომის, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების დარბაზული ეკლესია უშგულის თემის სოფელ მურყმელში მდებარეობს და მისი ინტერიერი XII საუკუნის მხატვრობით იყო შემკული.
მურყმელის მოხატულობიდან, ამჟამად, სამწუხაროდ, მხოლოდ დასავლეთ კედელზე განთავსებული სცენებია შემორჩენილი, ფერწერული ანსამბლის დანარჩენი ნაწილი კი დაღუპულია - ინტერიერის რამდენიმე ნაწილშიღა შეიმჩნევა ცალკეულ გამოსახულებათა მეტად უმნიშვნელო ფრაგმენტები. თუმცა, მხოლოდ გადარჩენილი, დასავლეთი კედლის სცენებიც სავსებით შთამბეჭდავია და ნათელ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა მხატვრული ღირსებების მოხატულობით უნდა ყოფილიყო, თავის დროზე, შემკული ეს ეკლესია. ამის თქმის საშუალებას იძლევა ფიგურათა საერთო ხასიათი, სახეთა ემოციური გამომსახველობა, ფორმის დამუშავების მანერა, ისევე როგორც სცენათა საკმაოდ იშვიათი იკონოგრაფიული რედაქციების გამოყენება.