მოზრდილი დარბაზული ეკლესია, ორმხრივი (სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან) გარშემოსავლელით უშგულის თემის სოფელ ჟიბიანის ზემოთ არის აღმართული. X საუკუნეში აგებული ეკლესია ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურული ფორმებითა და აღმოსავლეთი ფასადის გაფორმებით. ეკლესიის ინტერიერს სხვადასხვა ეპოქის მოხატულობანი ამკობს - I ფენისა X საუკუნით თარიღდება, ხოლო II ფენისა (გარშემოსავლელის ინტერიერის მხატვრობის ჩათვლით) – XIII საუკუნეს განეკუთვნება.
ჟიბიანის I ფენის მხატვრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სვანეთის ადრეულ მოხატულობათა ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ ინტერიერის სრულად შემამკობელი მოხატულობის გარდა, შემორჩენილია აგრეთვე, მისი თანადროული, კანკელის მოხატულობის ქვედა ფენაც - ერთ-ერთი უადრესი ნიმუში კანკელის მოხატულობისა სვანეთში.
კანკელის მოხატულობის მსგავსად, ეკლესიის თავდაპირველმა მხატვრობამაც ძლიერ დაზიანებული და ფრაგმენტირებული სახით მოაღწია ჩვენამდე, თუმცა ამის მიუხედავად, მისი გადარჩენილი ნაწილები მეტად საყურადღებო მასალას იძლევა სვანური ფერწერული სკოლის საწყის ეტაპზე მიმდინარე შემოქმედებითი ძიებებისა თუ ოსტატთა მხატვრული ამოცანებისა და მიდგომების გასაგებად. აღსანიშნავია ფიგურათა ექსპრესიულობა, ემოციური გამომსახველობა, საერთო მაჟორული ფერადოვანი გამა, ეპოქისთვის დამახასიათებელი დეკორატიულობა, რაც იმაში გამოვლინდა, რომ „მარგალიტებით“ შემკულია არა მარტო შარავანდები, არამედ ჯვარიც, რომელზეც მაცხოვარია გაკრული.
ეკლესიის II ფენის მოხატულობაც უკიდურესად დაზიანებულ-ფრაგმენტირებულია, თუმცა შედარებით უკეთ შემორჩენილ ნაწილებში (ეს უფრო საკურთხევლის მოხატულობაზე ითქმის) მაინც შესაძლებელია ამოვიკითხოთ მისი მხატვრული ღირსებები, ფიგურათა სახისა და სამოსის წერის თავისებური მანერა, სახეთა განსულიერებულობა. გარშემოსავლელის მოხატულობა იმ მხრივაა საყურადღებო, რომ ესაა ერთადერთი შემთხვევა ზემო სვანეთის კედლის მხატვრობაში, როდესაც გარშემოსავლელის მთელი სივრცე ფერწერული დეკორით იფარება და მასში მხოლოდ ერთი თემა - საშინელი სამსჯავრო-განკითხვაა ასახული. ხაზგასასმელია ისიც, რომ, განკითხვის დღის გამოსახულებები ძალზე იშვიათია სვანეთში, ხოლო ჟიბიანში, შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ვრცელი იკონოგრაფიული რედაქცია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის განაპირას შემაღლებულ ადგილას |
|
| გასაღები | ეკლესია ღიაა დღის განმავლობაში |
|