მომცრო დარბაზული ეკლესია, ვრცელი მინაშენით დასავლეთი მხრიდან, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს. X საუკუნეში აგებული ეკლესია უშგულის თემის მთავარი სალოცავია და მასში, ტრადიციულად, თავმოყრილი იყო უშგულის ეკლესიათა მთელი საგანძური - სხვადასხვა ეპოქის ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, დიდი საკურთხევლისწინა ჯვრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები და ა.შ. ამჟამად, ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი იქვე, ჩაჟაშის უადრეს ციხე-სახლში მოწყობილ უშგულის მუზეუმშია გადატანილი. მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერსა და ჩრდილოეთ ფასადს XVII საუკუნის მოხატულობანი ამკობს. ამავე დროის ფერწერული გამოსახულებანი მინაშენიდან საკუთრივ ეკლესიაში შესასვლელი კარის ორსავ მხარესაცაა წარმოდგენილი, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა ზემო სვანეთში.
ჩაჟაშის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა სვანური ფერწერული სკოლის განვითარების დამასრულებელი ეტაპის მეტად საინტერესო და მრავალმხრივ საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მოხატულობის საერთო იდეური გადაწყვეტის თავისებურებებს, რთული სიმბოლურ-თეოლოგიური საზრისის მატარებელ პროგრამას, რომლის ცალკეული კომპონენტებისა და გამოკვეთილი იდეური მახვილების ერთობლიობით, ერთგვარად, თავმოყრილ-შეჯამებულია კაცთათვის გაცხადებული მთელი ცოდნა უფალზე, მამის თანა-არს ძე-ღმერთზე. მოხატულობის საფუძვლად დადებული ძირითადი თეოლოგიური იდეის განსაკუთრებული გართულება ზოგადად დამახასიათებელია ამ ეპოქისთვის და ეხმიანება იმ საზიარო ტენდენციას, რომელსაც თვალი გაედევნება გვიანა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში საქართველოს სხვა მხარეებშიც. ასევე ზოგად-ეპოქალურ მხატვრულ ტენდენციებს უკავშირდება ჩაჟაშის მოხატულობაში თავჩენილი სხვა მახასიათებლებიც - სცენათა უჩვეულო იკონოგრაფიული რედაქციების გამოყენება, პროგრამის შემადგენელ კომპოზიციათა რეგისტრებად არც მთლად ტრადიციული განყოფა, გარკვეული უთანაბრობა ფიგურათა საერთო პროპორციული წყობისა თუ ცალკეულ სცენათა კომპოზიციური გადაწყვეტისა, სახისა და სამოსის დამუშავების ხერხები და ა.შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი უჩვეულო მოვლენა, რასაც, პირობითად, ოსტატის „იკონოგრაფიული შემოქმედების“ ნიმუშიც კი შეიძლება ეწოდოს - საკურთხევლის ცენტრში წარმოდგენილი, ერთ ხატად გაერთიანებული „პირი ღვთისა“ და „ხატი მიძინებისა“, რასაც, ჯერჯერობით მაინც, პარალელი არ ეძებნება არც ქართულ და არც პოსტბიზანტიურ მხატვრობაში.
ჩაჟაშის ჩრდილოეთი ფასადის მოხატულობა უკიდურესად დაზიანებულ-ფრაგმენტირებულია და „ამირან-დარეჯანიანის“ საგმირო ეპოსის ეპიზოდებს მოიცავდა. თავისთავად, საერო შინაარსის სცენათა გამოსახვა ეკლესიის საფასადო მხატვრობაში ძალზე იშვიათი შემთხვევაა, თუმცა, ჩაჟაშის პარალელი მხოლოდ ზემო სვანეთში მოიპოვება, ლაშთხვერის თარინგზელის ეკლესიაში (XIV-XV სს-თა მიჯნა).
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფელის ცენტრში |
|
| გასაღები | გასაღები ინახება ემზარ ნიჟარაძესთან |
|