მოზრდილი დარბაზული ეკლესია სამმხრივი გარშემოსავლელით (ჩრდილოეთი ნაწილი ამჟამად ნახევრად დანგრეულია) და შვრილი აფსიდით მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს. ყურადღებას იპყრობს ეკლესიის დასავლეთი ფასადის თავისებური არქიტექტურული გაფორმება. X საუკუნის I ნახევარში აგებული ეკლესიის ინტერიერს სხვადასხვა დროის მოხატულობები ამკობს - საკურთხევლის (აფსიდის შუბლის ჩათვლით) მხატვრობა X საუკუნით თარიღდება (აფსიდის კედლის რეგისტრისა და აფსიდის შუბლის გამოსახულებანი გვიანი გადაწერის ძლიერ კვალს ატარებს), ხოლო დარბაზის მოხატულობა უფრო მოგვიანო დროისაა, თუმცა მხატვრობის უკიდურესად დაზიანებული მდგომარეობა მის მეტ-ნაკლებად ზუსტ დათარიღებას შეუძლებელს ხდის; რიგ შემთხვევებში გამოსახულის იდენტიფიცირებაც კი ძალზე გართულებულია.
ჩვაბიანის ეკლესიის საკურთხეველში გაშლილია უფლის თეოფანიური დიდების კომპოზიციის საკმაოდ ვრცელი რედაქცია, რომელსაც რიგი იკონოგრაფიული თავისებურებანი გამოარჩევს. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმ. მოციქულთა რიგში ღმრთისმშობლის ტრადიციული ფიგურის არ-არსებობა, წმ. იოანე მახარებლის გამოსახვა გაშლილი კოდექსით ხელში, რომელზეც იოანეს სახარების დასაწყისის ტექსტია წარწერილი. ეს უკანასკნელი გარემოება, სატრიუმფო თაღის წარწერასთან (ფს. 92:5) ერთად, უფლის დიდების კომპოზიციის ფარგლებში განკაცების დოგმატის, შესაბამისად კი, ღმრთისმშობლის თემის განსაკუთრებულ აქცენტირებას ემსახურება და იმავე ტენდენციის მაჩვენებელია, რაც ამ ეპოქის საქართველოს სულიერი ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. აღსანიშნავია ასევე, აფსიდის შუბლზე ვედრების სცენის გამოსახვაც, რომლის იკონოგრაფიული თავისებურებას (მრავალფრთედთა ერთის ნაცვლად, ორი წყვილის ჩართვა კომპოზიციაში) პარალელი ტბეთის უფლის თეოფანიური დიდების კომპოზიციასთან ეძებნება. ამდენად, უფლის განდიდების მეტად შთამბეჭდავად წარმოდგენილი იდეა აქ ვედრება-მეოხების იდეითაა გავრცობილ-გამდიდრებული, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ეპოქის ქართულ კედლის მხატვრობაში. საგანგებოდ ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვაბიანის საკურთხევლის მოხატულობა ერთადერთია სვანეთში შემორჩენილ ფერწერულ ანსამბლთა შორის, სადაც ძვირფასი ლაჟვარდია გამოყენებული.
მნიშვნელოვანია, რომ შემორჩენილი დაზიანებული საქტიტორო წარწერის წყალობით, ცნობილია, რომ ეკლესიის მაშენებელნი და საკურთხევლის მოხატულობის მომგებელნი არიან სამნი ძმანი ამროლეანები - ბენდე, ამროლა და მიქაელ. წარწერაში ვკითხულობთ: „სახლითა ღმრთისაჲთა ჩუენ, ამროლეანთა, სამთა ძმათა ბენდეს, ამროლას და მიქაელს, მოგუცა ძალი ღმერთმან უმჯობესად მამათა ჩუენთაჲსა და აღვაშენეთ წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ, სალოცველად სულისა ჩუენისა და მოვწერეთ ზეობასა . . . აფხაზთა მეფისა, ქრისტე ადიდე, ერისთვობასა . . .სსა, ჰფარავდინ მათ ღმერთი და მაშენებელნი . . .“.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, შემაღებულ ადგილას |
|
| გასაღები | ინახება კახა ჭეხანთან |
|