X საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მინაშენითა (სამხ.) და სამრეკლოთი (დას.) კალას თემში, სოფელ ხეს მოპირდაპირე მხარეს, მთის წვერზე მდებარეობს და სვანეთის მთავარ სალოცავს წარმოადგენს, რომელშიც, დღესაც, წმ. კვირიკეს ხსენების დღეს მთელი სვანეთის მოსახლეობა იყრის თავს. ტრადიციისამებრ, ლაგურკაში თავმოყრილია კალას თემის ეკლესიათა მთელი საგანძური - სხვადასხვა დროის ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, საუკუნეების მანძილზე შენაწირი ნივთები; აქვე ინახება ე.წ. „შალიანის ხატი“ - XII საუკუნის მინანქრული და ჭედური გამოსახულებებითა და ძვირფასი ქვებით შემკული სანაწილე-რელიქვარიუმი - ბიზანტიური ხელოვნების მაღალი ოსტატობით შესრულებული მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლაგურკაშიც, თავდაპირველ ადგილზეა შემორჩენილი ქვის კვარცხლბეკზე აღმართული, დიდი ზომის, ოქროთი დაფერილი ვერცხლით მოჭედილი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი. ეკლესიის ინტერიერს 1112 წელს შექმნილი მოხატულობა ამკობს.
ლაგურკა მეორე ეკლესიაა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ მოიხატა სვანეთში მისი მოღვაწეობის დროს. ამას გვამცნობს დასავლეთი კარის თავზე შემორჩენილი, ამჟამად ფრაგმენტირებული, ვრცელი საქტიტორო წარწერა, რომელშიც ნათქვამია: „ ქ სახელითა ღმრთისაჲთა მოიხატა და შეიმკო წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ჴევისა აზნაურთა და ყოველთა რომელნი აშენებდენ ამა წმიდასა ეკლესიასა. წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ. მოიხატა დასაბამითგანთა წელთა ხღიე, ქორონიკონსა ტლა, ჴელითა თევდორე მეფისა მხატვრისაჲთა“. ამ შემთხვევაშიც, ეკლესიის მოხატვის დამკვეთი კალას მთელი ხევია.
საკურთხევლისა და კანკელის მოხატულობაში (ძველის მიდევნებით) გვიანი გადაწერა-განახლების კვალი ჩანს, რომლის მიზეზებსა და მომგებლის ვინაობას სამხრეთ პილასტრზე განთავსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს: „ქ საყდარი ესე წმიდისა კჳრიკესი, ოდეს მიწისა ძრვამან დაარღვია, მე, ანტონის შვილმან გიორგი ახლად შევამკე. ვინცა არ დამივიწყო, ღმერთმან შეგინდოს“.
მის მიერ შექმნილ სხვა მოხატულობათა მსგავსად, ლაგურის მოხატულობაც ლაკონური პროგრამით ხასიათდება, რომელშიც ეკლესიის პატრონის, წმ. კვირიკესა და მისი დედის, წმ. ივლიტას მარტვილობის სცენებია შეყვანილი. თევდორეს მიდრეკილება დრამატულობისა თუ ხაზგასმული ემოციური დაძაბულობისადმი განსაკუთრებული ძალით სწორედ წმ. კვირიკეს მარტვილობის სცენაში გამომჟღავნდა, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდება კარ მეფის მშვიდი სიმკაცრე და მის თვალწინ მოკლულ შვილზე მგლოვიარე დედის გაცდები. აღსანიშნავია, რომ სწორედ წმ. ივლიტას გაცდების მთელი სისრულით გადმოსაცემად, ვიზუალური ხერხების გარდა (წმ. ივლიტას პოზა, მისი გამომეტყველება და ა.შ.) მხატვარს დამატებითი აქცენტიც შემოაქვს კომპოზიციაში საგანგებო წარწერის მეშვეობით, რომელშიც გადმოცემულია წმ. ივლიტას მადლიერება უფლის მიმართ. სცენის თანმხლებ წარწერებში ვკითხულობთ: 1. „თუესსა ივლისსა იე წამებაჲ წმიდისა კვირიკესი. ამან უმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაჲ კვირიკე საყდართაგან“. 2. „წმიდაჲ ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაჲ წმიდისა კვირიკესი, ძისა თჳსისა“. მეტად შთამბეჭდავია ასეთივე ემოციური დაძაბულობით გაჯერებული წმ. ივლიტას თავისკვეთის კვეთის სცენაც.
| მდებარეობა | ლაგურკაზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა. ცენტრალური გზიდან სოფელ ხესთან გადასახვევიდან 20 წუთია მთაგორიანი ტყის გავლით. გზის დასაწყისი მცირე მონაკვეთი საშუალო სირთულისაა. |
| გასაღები | გასაღები აქვს ზაურ გულბანს. საჭიროა წინასწარ შეთანხმება. |
| Booking | https://www.booking.com/hotel/ge/vichnashi.html |
| ფეისბუკი | https://www.facebook.com/kitchenvichnashi |