მოზრდილი დარბაზული ეკლესია სამმხრივი მინაშენებით (ჩრდილოეთისა, ამჟამად, მონგრეულია), იფარის თემის სოფელ ნაკიფარში მდებარეობს. X საუკუნეში აგებული ეკლესია კედლის მხატვრობითა და სკულპტურული დეკორითაა შემკული, რომელნიც სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნება - კანკელისა (I ფენა) და აღმოსავლეთ ფასადის მოხატულობა, ისევე როგორც ამავე ფასადისა და დასავლეთ ფასადის რელიეფები X საუკუნით თარიღდება, ხოლო ეკლესიის ინტერიერის მხატვრობა, კანკელის II ფენის მოხატულობის ჩათვლით, XII საუკუნის დასაწყისშია შექმნილი.
ნაკიფარის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა, კანკელზე შემორჩენილი, სადღეისოდ ფრაგმენტირებული, წარწერის თანახმად, ეკლესია მოიხატა 1130 წელს, მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. წარწერაში ნათქვამია: „სახელითა ღმრთისაჲთა მოიხატა და შეიმკო საყდარი ესე წმიდისა გიორგისი სადიდებელად და სალოცველად აზნაურთა ამისა ჴევისათა ყოველთა ერთობით. წმიდაო გიორგჲ მთავარმოწამეო შეიწყალენ და აღაშენენ ამენ. მოიხატა და შეიმკო საყდარი ესე ქორონიკონსა ტნ ჴელითა თევდორე მეფისა მხატვრისაჲთა“.
ნაკიფარის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა ბოლო, მესამე მოხატულობაა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ შექმნილ მოხტულობებს შორის. ერთი მხატვრის მიერ „ხელმოწერილი“ სამი მოხატულობის არსებობა, თავისთავად, არც ისე ხშირია შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში. მნიშვნელოვანია, ცხადია, თწვდორეს ტიტული - მეფის მხატვარი, რაც სამეფო კართან მის კავშირს ადასტურებს; თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ნაკიფარის ეკლესიას იგი არა რომელიმე ერთი დაწინაურებული პირის თუ ოჯახის, არამედ 5 სოფლის მომცველი იფარის მთელი თემის დაკვეთით, ამ თემის აზნაურთა („ყოველთა ერთობით“) სულის სადიდებლად და მოსახსენებლად. ყველივე ეს, თავის მხრივ, მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის, ზოგადა, შუა საუკუნეების საქართველო კულტურულ-ისტორიული ვითარებისა თუ სოციალური ისტორიის გასააზრებლად.
მის მიერ მოხატულ სხვა ეკლესიათა მსგავსად, ნაკიფარშიც თევდორე ანსამბლის აგების ანალოგიურ პრინციპებს მიმართავს, რომელნიც თავის მხრივ, სვანური ფერწერული სკოლის განვითარების წინარე ეტაპზე თავჩენილი მიდგომების შემდგომ დახავეწა-გადააზრებას ეფუძნება, ზოგად-ეპოქისეული იმ მხატვრული ტენდენციების შესაბამისად, რაც არა მარტო ქართული, არამედ ბიზანტიური კედლის მხატვრობისთვისაა ნიშნეული.
აღსანიშნავია, რომ საუფლო დღესასწაულთა ციკლიდან მხოლოდ ოთხი სცენის შერჩევასთან ერთად, მოხატულობის საერთო იკონოგრაფიულ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა ეკლესიის პატრონის, წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ერთ-ერთ უადრეს ვიზუალურ განსახიერებას წმ. გიორგის ცხოვრებისა ქართულ კედლის მხატვრობაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ციკლის სცენები ისეა ამორჩეული, რათა განსაკუთრებით ხაზი გაესვას წმ. გიორგის მოწამებრივ ღვაწლს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაკიფარის ეკლესიის გრანდიოზული საკონქო კომპოზიცია, ე.წ. ვედრება-ხილვა, რომელიც ამ კომპოზიციისთვის ტრადიციული მოტივების გარდა, ანგელოზურ დასთა სიმრავლესა და წინასწარმეტყველთა ხილვების ელემენტებსაც მოიცავს; ყოველივე ეს მეოხება-ვედრების იდეასთან ერთად, უფლის განდიდების სიდიადის საგანგებო აქცენტირებასაც ისახავს მიზნად. ყურადსაღებია, რომ ვედრებისა და უფლის თეოფანიური დიდების თემის ერთ კომპოზიციად ამგვარ გამთლიანებას პირდაპირი პარალელები არ ეძებნება, ხოლო მისი ცალკეული ელემენტები დასტურდება როგორც სვანეთის ადრეულ, ისე ტაო-კლარჯულ მოხატულობებში, რაც ამ ორი მნიშვნელოვანი ფერწერული სკოლის აშკარა კავშირების მანიშნებელია. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ნაკიფარის საკონქო კომპოზიციამ საკმაოდ ფართო გავრცელება ჰპოვა სვანეთის XII და XIII საუკენათ კედლის მხატვრობაში.
ნაკიფარის კანკელის I ფენის მოხატულობა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ფასადის დეკორი სვანური ფერწერული სკოლის ამ ტრადიციულ მიმართულებათა უადრეს ნიმუშებს წარმოადგენს, ხოლო საფასადო დეკორი, გარდა ამისა, სრულიად გამორჩეული შემთხვევაა ფერწერული და სკულპტურული დეკორის ერთ კომპოზიციად გაერთიანებისა.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფელის სასაფლაოზე |
|
| გასაღები | ინახება ხვისტანების ოჯახში |
|