მცირე ზომის დარბაზული ეკლესია იფარის თემის სოფელ ჰადიშში მდებარეობს. სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში აგებული ეკლესია მოზრდილ სუბსტრუქციაზეა აღმართული, ხოლო მის ინტერიერსა და ჩრდილოეთ ფასადს XI-XII საუკუნეთა მიჯნის მოხატულობანი ამკობს.
ეკლესიის მოხატულობანი თავისი ეპოქის მხატვრობის მეტად საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობაში ყურადღებას იქცევს ეკლესიის პატრონის თემის განსაკუთრებული აქცენტირება, რასაც განაპირობებს გრძივ კედლებზე მხოლოდ წმ. გიორგის ორი უმთავრესი სასწაულის - ლასია ქალაქის სასწაულისა (ჩრდ.) და ყრმის გამოხსნის სასწაულის (სამხ.) - გამოსახვა. მეტად თავისებურია, აგრეთვე, დასავლეთ კედელზე წარმოდგენილი მაცხოვრის მიერ წმ. მეომართა, გიორგისა და თევდორეს, მოწამეთა გვირგვინებით კურთხევა. აღსანიშანვია ისიც, რომ შესასვლელი კარის ლჲუნეტში ჩაწერილი ქრისტე-ევმანუელის სახე უადრესია სვანეთში სწორედ ამ ადგილას განთავსებულ, სხვადასხვა დროის ამ მეტად პოპულარულ გამოსახულებებს შორის.
ეკლესიის საფასადო მხატვრობაში ასევე წმ. მეომართა თემაა გაშლილი - ფასადის თითქმის მთელ ზედაპირს ცხენოსან წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს მონუმენტური ფიგურები იკავებს. დღესაც, საკმაო გაფერმკრთალების მიუხედავად, ხეობის შესასვლელისკენ „მოჯირითე“ წმ. მხედარნი სოფლის მცველებისა და მფარველების მეტად შთამბეჭდავ ხატებად აღიქმება.
სასარგებლო ინფორმაცია
მდებარეობა
ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ხევის განაპირას