მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მინაშენით ჩრდილოეთი მხრიდან იფარის თემის სოფ. ჰადიშში მდებარეობს. ეკლესია X საუკუნეშია აგებული და მის ინტერიერს ორი გასხვავებული ეპოქის - X საუკუნისა და XII-XIII საუკუნეთა - მოხატულობანი ამკობს. ეკლესიაში, როგორც სოფლის მთავარ სალოცავში, თავმოყრილია ჰადიშის ეკლესიათა მთელი საგანძური - სხვადასხვა დროის ჭედური და ფერწერული ხატები; აქვე, საუკუნეების მანძილზე ინახებოდა 897 წელს შატბერდის ლავრაში გადაწერილი, მინიატურებით შემკული ოთხთავი, რომელიც ჰადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი და ამჟამად მესტიის მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიის ინტერიერში, თავდაპირველ ადგილასაა შემორჩენილი დიდი, ხის, ვერცხლით მოჭედილი, ქვის კვარცხლბეკზე აღმართული საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი.
ჰადიშის ეკლესიის თავდაპირველი მხატვრობა სვანეთის ადრეულ მოხატულობათა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც მხოლოდ საკურთხეველს ამკობს. ამჟამად იგი ძალზე მცირე ფრაგმენტებადღა გამოსჭვივის კონქის ზედა ფენის მხატვრობის ჩამოშლის ადგილებში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით ამავე ჯგუფის სხვა მოხატულობათაგან, ჰადიშში, სადღეისოდ არსებული მონაცემებით, გვაქვს სვანეთში უადრესი ნიმუში საკონქო კომპოზიციად ვედრების გამოყენებისა, რაც სვანური ფერწერული სკოლის განვითარების მომდევნო ეტაპებზე წამძღოლ თემად იქცევა საკურთხევლის მოხატულობათა პროგრამებში.
ჰადიშის II ფენის მხატვრობა სვანეთში შემორჩენილ თამარის ეპოქის მოხატულობათაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანსამბლია. ამჟამად იგი ძალზე დაზიანებულია, ერთიანადაა გაშავებული და გამოსახულებანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ნეგატივივით“ იხილვება ეკლესიის კამარა-კედლებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღესაც კი, საკმაოდ ადვილად აღიქმება ამ მოხატულობის შთამბეჭდავი მხატვრული ღირსებები, მისი შემქმნელის მაღალი პროფესიული განსწავლა-გაწაფულობა, ფორმათა ჰარმონიულობა და გამომსახველობა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ შემთხვევაშიც, მოხატულობის პროგრამაში ჩართული საქტიტორო პორტრეტის წყალობით, ცნობილია ჰადიშის მეორედ მოხატვის მომგებლის ვინაობა, რომლის გამოსახულების თანმხლები წარწერა გვაუწყებს: „ქრისტე, შეიწყალე მიქელ ჩეგიანი ამენ. † ესე“ (წარწერა დაუსრულებლადაა დატოვებული).
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე |
|
| გასაღები | გასაღები ინახება ომარ ქალდანთან (მესტიის მუზეუმის კურატორი) |
|