მცირე ზომის, დარბაზული ეკლესია იფარის თემის სოფელ ჰადიშში მდებარეობს. იგი სუბსტრუქციაზეა აღმართული და, სავარაუდოდ, X საუკუნით თარიღდება, ხოლო მისი ინტერიერი XII საუკუნის მხატვრობითაა შემკული.
ეკლესიის მოხატულობა სვანეთის ამ ეპოქის ე.წ. ხალხურ მოხატულობათა ჯგუფს მიეკუთვნება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადრეული ე.წ. ხალხური მოხატულობანი მხოლოდ ზემო სვანეთშია შემორჩენილი.
ჰადიშის თარინგზელის ეკლესიის მოხატულობაში ნათლად გამოვლინდა ამ ყაიდის მოხატულობათათვის ნიშანდობლივი მახასიათებლები - მთელი ინტერიერის ერთიანი, „ხალიჩებური“ დაფარვა გამოსახულებებით, ცალკეულ სცენათა შორის რეგისტრთა გამყოფი ზოლების გარეშე, ერთი სცენის ორ კედელზე გაშლა ინტერიერის არქიტექტურული მონაცემების უგულვებელყოფით, ლოკალური ფერადოვანი ლაქების დაპირისპირება, საერთო ჟღერადი კოლორისტული გამის ინტენსიურობა; ამასთანავე, მეტად ყურადსაღებია, ფიგურათა სახეების წერის მრავალშრიანი ტექნიკის ოსტატური გამოყენება, სახეთა ემოციური გამომსახველობა და ფიგურათა ცოცხალი, მეტყველი ჟესტიკულაცია.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, დავასვლეთით |
|
| გასაღები | ეკლესია ღიაა |
|