მოზრდილი დარბაზული ეკლესია დასავლეთი მინაშენით ლენჯერის თემის სოფელ ლაშთხვერში მდებარეობს. XIV საუკუნის ეკლესიის ინტერიერი და ფასადები სხვადასხვა დროის მხატვრობითაა შემკული - საკურთხევლის მოხატულობა XIV საუკუნის შუახანით თარიღდება და იმავე დავით მხატვრის ნახელავია, ვინც მხერის ეკლესიის მოხატულობის შემქმნელი მთავარი ოსტატია; დარბაზისა და ფასადთა მოხატულობანი XIV-XV საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება და მათ შესრულებაში სამი ოსტატის ხელწერა განირჩევა, რაზეც სრული თანხმობაა სამეცნიერო ლიტერატურაში, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ოსტატთა ნახელავის განშრევასთან დაკავშირებით.
ლაშთხვერის დარბაზის მოხატულობა ყურადღებას იპყრობს უჩვეულო იკონოგრაფიული რედაქციების გამოყენებით და მხატვრული სტილის თანდათანობითი გახისტება-გაუხეშების იმ ზოგადი ტენდენციის მაჩვენებელია, რაც სვანეთის ე.წ. პალეოლოგოსური მოხატულობებისთვის საერთო მახასიათებლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ ლაშთხვერის დარბაზის მოხატულობაში გვაქვს ერთადერთი შემთხვევა ზემო სვანეთში, როდესაც გამოსახულებათა ასომთავრულით შესრულებულ განმარტებით წარწერებში სვანიზმები იკითხება.
ლაშთხვერის საფასადო მხატვრობა, რომელიც ამჟამად ძალზე დაზიანებულ-გაფერმკრთალებულია, ასევე გამორჩეულია სვანეთის საფასადო მოხატულობებს შორის, რადგან, ეკლესიის ფასადთა შემამკობელი, ტრადიციული გამოსახულებების (წმ. მეომრები სამხრეთ ფასადზე, წმ. ევსტათეს ნადირობა აღმოსავლეთ ფასადზე) გარდა, აქ წარმოდგენილია „ამირანდარეჯანიანის“ საგმირო ეპოსის ეპიზოდები, საკმაოდ ვრცელი განმარტებითი წარწერებით - „ოდეს ამირან ვეშაპმან ჩანთქა, ვეშაპი მოკლა და გამოვიდა“; „ჰომი ამირანისი და ბაყბაყ დევისა“. აღსანიშანვია, რომ საერო სიუჟეტების ჩართვა ეკლესიათა ფერწერულ დეკორში ძალზე იშვიათია შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში და ლაშთხვერის საფასადო მხატვრობა, ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიის საფასადო მოხატულობასთან ერთად, სადაც ასევე შემორჩენილია „ამირანდარეჯანიანის“ ეპოსის ეპიზოდის მეტად ფრაგმენტირებული (ჩრდილოეთ ფასადზე) გამოსახულება, ძალზე მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს. ყურადსაღებია ასევე დასავლეთ ფასადზე გამოსახული ვედრებაც, რომელიც, ტრადიციული მრავალხატედის ნაცვლად, სამი ძირითად ფიგურის - მაცხოვარი, ღმრთისმშობელი და წმ. იონანე ნათლისმცემელი - მომცველი სცენის სახითაა წარმოდგენილი, რომელშიც ქტიტორის მავედრებელი ფიგურაცაა ჩართული; სამწუხაროდ, ამ ფიგურის ძალზე ცუდი დაცულობა და განმარტებითი წარწერის უქონლობა, ქტიტორის იდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს სოფელ ლაშთხვერის ცენტრში |
|
| გასაღები | ინახება მამა ბასილის (ფილფანი) ოჯახში |
|