• წვირმის ჯგრაგ-ჩობანის (ჩობანის წმ. გიორგის) ეკლესია

  • წვირმის ჯგრაგ-ჩობანის (ჩობანის წმ. გიორგის) ეკლესია

  • წვირმის ჯგრაგ-ჩობანის (ჩობანის წმ. გიორგის) ეკლესია

წვირმის ჯგრაგ-ჩობანის (ჩობანის წმ. გიორგის) ეკლესია

მომცრო დარბაზული ეკლესია მინაშენით ჩრდილოეთი მხრიდან წვირმის თემის სოფელ ჩობანში მდებარეობს. სავარაუდოდ XII საუკუნეში აგებული ეკლესია ამავე ეპოქაშია მოხატული.

ეკლესიის მოხატულობა XII საუკუნის ე.წ. ხალხურ მოხატულობათა ჯგუფს განეკუთვნება და ხაზგასასმელია, რომ ასეთი ადრეული ჯგუფი ამ ყაიდის მოხატულობებისა მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი, რაც, თავის თავად, განსაზღვრავს ამ ფერწერულ ანსამბლთა მნიშვნელოვანებას ქართული კედლის მხატვრობის ისტორიაში.

ამჟამად მხატვრობა ძალზე დაზიანებულია, თუმცა მისი ძირითადი მახასიათებლების გარჩევა მაინც შესაძლებელია. ნიშანდობლივია მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის შედგენა საუფლო დღესასწაულთა მცირერიცხოვანი სცენების მოხმობით, რომელნიც საერთო თეოფანიური იდეის საფუძველზეა გაერთიანებული, ასევე  მთელს ინტერიერში მხატვრობის ე.წ. „ხალიჩისებური“ განფენა, რაც ზოგადად ნიშნეულია ამ ყაიდის მოხატულობათათვის. საგულისხმოა ეკლესიის პატრონი წმინდანის თემის ტრადიციული ხაზგასმა წმ. გიორგის ურმის თვალზე წამების სცენისა და წმ. მეომართა ჰერალდიკური კომპოზიციის გამოსახვით. 

მოხატულობაში შემორჩენილია მისი ქტიტორის, სვანი დიდებულის საკმაოდ შთამბეჭდავი პორტრეტიც. სამწუხაროდ, მისი ვინაობის დანამდვილებით დადგენა ვერ ხერხდება, თანმდევი,  საკმაოდ ვრცელი წარწერის უკიდურესი დაზიანების გამო. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული მხატვრობის მომგებლის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით.

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს სოფელის ცენტრში
გასაღები ინახება სერგო ფირცხელიანთან

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

როსტომ და თემურ თამლიანები, სოფელი წვირმი

მამა-შვილი ხის ოსტატები. თემურ თამლიანი ამზადებს ხის ჭურჭელს. ისინი აგრეთვე ფლობენ კირისა და ბენდიკის - სამშენებლო მასალის, ასევე ყავარის მომზადების ტრადიციულ ცოდნას.

ხათუნა მიქიანი-აბდელანი, სოფელი წვირმი

ატარებს სვანური მარილის მომზადებისა და კულინარიულ მასტერკლასებს.