მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ბრტყელი საკურთხევლით და მინაშენით დასავლეთი მხრიდან წვირმის თემის სოფელ ჩობანში მდებარეობს. X საუკუნეში აგებული ეკლესია ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთი ფასადის მეტად თავისებური გადაწყვეტით. ეკლესიის ინტერიერში XII საუკუნის I ნახევრის, ამჟამად ძლიერ დაზიანებული მოხატულობაა შემორჩენილი, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს წრის მოხატულობათა რიცხვში შედის.
წვირმის მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობის მსგავსად, ამ მოხატულობაშიც, რომელშიც მისი შემქმნელის კარგი ოსტატობა იხილვება, აღსანიშნავია მეფის მხატვარ თევდორეს შემოქმედებაში გაცხადებული მხატვრული პრინციპების გამეორება. ეს აშკარად ჩანს როგორც მოხატულობის საერთო იდეურ და კომპოზიციურ გადაწყვეტაში, ასევე ფიგურათა სახისა და სამოსის მოდელირების იმავე ხერხების გამოყენებაში, რაც თევდორეს ხელწერისთვისაა დამახასიათებელი. ნიშანდობლივია ფიგურათა განსაკუთრებული გამომსახველობა და თავისებური დეკორატიული ეფექტის შემქმნელი მომარგალიტებული შარავანდების, სვანეთის ადრეულ მოხატულობათათვის დამახასიათებელი მოტივის გამოყენება.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | მდებარეობს სოფლის ქვედა ნაწილში ხევთან |
|
| გასაღები | ინახება იქვე ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებ თამლიანების ოჯახში |
|