მოზრდილი დარბაზული ეკლესია შვერილი აფსიდით ლენჯერის თემის სოფელ ნეზგუნში მდებარეობს. IX საუკუნის მიწურულს აგებული ეკლესიის ინტერიერი სხვადასხვა დროის მხატვრობითაა შემკული - საკურთხევლის მოხატულობა IX-X საუკუნეებით თარიღდება და უადრესია ზემო სვანეთში შემორჩენილ მოხატულობებს შორის, ხოლო დარბაზის მხატვრობა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.
ნეზგუნის ეკლესიის საკურთხეველიში მხატვრობა, გამოსახულია თავისებური იკონოგრაფიული რედაქციით წარმოდგენილი უფლის თეოფანიური დიდების კომპოზიცია, რომელიც, სხვადასხვა ვარიაციებით, ფართოდ იყო გავრცელებული მთელს აღმოსავლეთ საქრისტიანოში და ქართულ კედლის მხატვრობაშიც. ნეზგუნის კომპოზიციის თავისებურება (ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღმრთისმშობლის ნახევარფიგურა მედალიონში წმ. მოციქულთა რიგის ცენტრში, სრული ტანით ფეხზე მდგომი ღმრთისმშობლის ნაცვლად) განაპირობებს უფლის დიდების ფარგლებში განკაცების დოგმატის აქცენტირებას და, შესაბამისად, მაცხოვრის ორბუნებოვნების დოქტრინის ხაზგასმას. ეს უკანასკნელი გარემოება სრულ თანხვედრაშია აღნიშნული ეპოქის ზოგად სულიერ ტენდენციებთან საქართველოში.
ამასთანავე, მხატვრული ღირსებების გარდა, ნეზგუნის საკურთხევლის მოხატულობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შემორჩენილი ვრცელი საქტიტორო წარწერის წყალობით, ცნობილია როგორც ამ მხატვრობის მომგებლის, ასევე მისი შემქმნელი მხატვრის სახელები, რაც საკმაოდ იშვიათია ამ დროის ქართულ კედლის მხატვრობაში. წარწერაში ვკითხულობთ: „სახელითა ღმრთისაჲთა და მომადლებითა წმიდისა მაცხოვარისაჲთა მე ბეშქენ მოვწერე წმიდაჲ ესე საკურთხეველი პურითა და ფასითა ჩემითა სალოცველად თავისა ჩემისა და მოსაჴსენებლად მშობელთა ჩემთა სულისათუის ჴელითა გიორგისითა . . . თუესა მაისსა, ამენ“.
ნეზგუნის ეკლესიის დარბაზის მოხატულობა მხატვარ მიქელ მაღლაკელის წრის მოხატულობათა რიცხვს მიეკუთვნება და მასში თვისებური სახით აისახა ის მხატვრული მიდგომები თუ პრინციპები, რაც მიქელ მაღლაკელის შემოქმედებაში დასტურდება. აღსანიშნავია ცალკეულ სცენათა (მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან) უჩვეულო იკონოგრაფიული რედაქციის გამოყენება (ღმრთისმშობლის ფიგურის ჩართვა კომპოზიციაში), რომელსაც ჯერჯერობით პარალელები არ ეძებნება და ღმრთისმშობლის თემის განსაკუთრებული წინწამოწევის მაჩვენებელია, ხოლო მის ლიტერატურულ პირველწყაროს წარმოადგენს წმ. მაქსიმე აღმსარებლის თხზულება ღმრთისმშობლის ცხოვრების შესახებ.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ლატალში ცენტრალური მაგისტრალის ახლოს, სოფლის სასაფლაოზე |
|
| გასაღები | ეკლესიის სანახავად საჭიროა მამა ბასილის (ფილფანი) ნებართვა |
|