• მხერის ეკლესია

  • მხერის ეკლესია

  • მხერის ეკლესია

  • მხერის ეკლესია

  • მხერის ეკლესია

მხერის ეკლესია

მომცრო დარბაზული ეკლესია, დასავლეთი მინაშენით ლენჯერის თემის სოფელ ლაშთხვერში მდებარეობს. XIV საუკუნის ეკლესიის ინტერიერი თანადროული მხატვრობითაა შემკული, რომელიც ე.წ. პალეოლოგოსური ხანის სვანეთის მოხატულობათა საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. 

მხერის მხატვრობა იმ შედარებით იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც დოკუმენტურადაა ცნობილი მისი შემსრულებელი ოსტატის ვინაობა კანკელზე შემორჩენილი წარწერის წყალობით, რომელიც ამჟამად, სამწუხაროდ, ძლიერაა დაზიანებული, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში იგი კარგადაა ცნობილი. წარწერაში ნათქვამია: „მაცხოვარო, მეოხ ექმენ დავითს მხატვარსა“. გარდა მხატვრის ვინაობისა, ასევე ცნობილია ეკლესიის აგება-მოხატვის მომგებლის ვინაობაც, ეკლესიაში გამოსახული მისი და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებისა და მთავარი ქტიტორის თანმხლები ვრცელი წარწერის წყალობით. მთავარი ქტიტორი, მიქელ იველდიანი, ეკლესიის მოდელით ხელში და მისი მეუღლე, ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე არიან გამოსახულნი. განმარტებითი წარწერა გვაუწყებს: „აღვაშენე მე, მიქელ იველდიანმა ეკლესია ესე, დავხატე, ხატითა და ჯუარითა მოვკაზმე, სადიდებელად ღმრთისა და მთავარანგელოზისა მუხერისა და სალხინებელად სულისა ჩემისათუის. შემიწყალენ ღმერთო“; მოპირდაპირე, სამხრეთ კედელზე გამოსახულია მიქელის ვაჟი თავის მეუღლესთან ერთად, მათი განმარტებითი წარწერები ამჟამად ძლიერ ფრაგმენტირებულია, იკითხება მხოლოდ მიქელის რძლის სახელი - „ნათელ მეუღლე მისი“. აღსანიშნავია, რომ იველდიანთა გვარის წარმომადგენლები სვანეთის მთელ რიგ საისტორიო საბუთებში არიან მოხსენებულნი და ამ გვარის მოღვაწეობის დრო XIV საუკუნის შუახანითაა განსაზღვრული, რასაც მოხატულობის საერთო ხასიათი, სტილური და იკონოგრაფიული თავისებურებანიც განამტკიცებს.  

გარდა მთავარი ოსტატისა, დავით მხატვრისა, რომლის მოხატულია ეკლესიის საკურთხველი, კანკელი და გრძივი კედლები, დასავლეთი კედლის ქვედა რეგისტრის ჩათვლით, მოხატულობაში მეორე ოსტატის ხელწერაც განირჩევა, რომელსაც კამარის მოხატულობა და დასავლეთი კედლის ზედა რეგისტრის სცენა ეკუთვნის. 

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ეკლესია მდებარეობს სოფელ ლაშთხვერის გარეუბანში
გასაღები ინახება მამა ბასილის (ფილფანი) ოჯახში

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

ჯიმშერ ფილფანი, სოფ. ქაშვეთი

ჯიმშერ ფილფანი მაღალი დონის და მოთხოვნადი ოსტატია. ამზადებს ძირითადად ტრადიციულ ავეჯს, ეკლესიის კარებს, ისევე როგორც ტრადიციულ საკრავებს. 

იური უდესიანი, სოფ. მხერი

იური უდესიანი ხეზე კვეთის ოსტატია. მუშაობს ხალხურ და საეკლესიო ავეჯზე.

შალვა გულედანი და ნარგიზ ნიგურიანი, სოფელი ლენჯერი

ოჯახი ფლობს საოჯახო სასტუმროს „შალვა და ნარგიზა“, რომელიც მდებარეობს სოფ. ლენჯერში, მთავარ გზაზე. შალვა გულედანი პროფესიონალი ოსტატია. ცოლ-ქმარი სასტუმროს სივრცეში ტურისტებს სთავაზობს ხეზე ორნამენტული ჭრის მასტერკლასს,  ასევე, სვანური ქუდისა და კულინარიის მასტერკლასებს.

გიორგი ფილფანი, სოფ. ქაშვეთი

არის მჭედელი და აგრეთვე ხის ოსტატი.

2016 წლიდან იღებდა ტურისტებს, ვიდრე პანდემიამდე. ვიზიტი გრძელდებოდა 3 საათი და მოიცავდა სამჭედლო მასტერკლასს, სადაც უხსნიდა, ჭედავდა და სრულდებოდა სადილით სიმღერის თანხლებით. გამომდინარე იქიდან, რომ ახლახანს დაეწვა სამჭედლო, ამ დროისთვის ვეღარ აგრძელებს ტურისტულ საქმიანობას, თუმცა მომავალში გეგმავს.