მომცრო დარბაზული ეკლესია ბეჩოს თემოს სოფელ ჭოხულდში მდებარეობს. XI საუკუნეში აგებული ეკლესია ყურადღებას იპყრობს სხვადასხვაგვარი თაღნარით ფასადთა თავისებური გაფორმებით.
ეკლესიის ინტერიერი და კანკელი XIII საუკუნეშია მოხატული და თავისი ეპოქის მხატვრობის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. მოხატულობის საერთო იკონოგრაფიული პროგრამა სადღესასწაულო ციკლიდან საგანგებოდ შერჩეული რამდენიმე სცენითაა შედგენილი, რომელთა ერთობლიობა, საერთო თეოფანიურ კონტექსტში, მაცხოვრის ორბუნებოვნების აქცენტირებას ემსახურება. ნიშანდობლივია საკოქო კომპოზიციად ე.წ. ედრება-ხილვის მოხმობა, რომელიც საკურთხვლის მხატვრობის წამძღოლ თემად ჩანს ამავე ეპოქის ფერწერულ ანსამბლებში როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთში. ყურადსაღებია წმ. მეოდაბნოე მამათა გამოსახვაც, რაც საკმაოდ იშვიათია სვანეთის კედლის მხატვრობაში.
ჭოხულდის მხატვრობაში, თანადროულ მოხატულობებთან შედარებოთ, ყველაზე ცხადად ხვდება თვალს ზოგად ეპოქალური დინამიურ-დეკორატიული სტილის დამახასიათებელი ნიშნები, განსაკუთრებით, მოხატულობის საერთო სისტემოს გადაწყვეტაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, ფორმის მოდელირების ძლზე გამარტივებული მანერის კვალად, ფიგურათა განსაუთრებული განსულიერებულობა და გამომსახველობა, მცირერიცხოვან ფერთა ტონალური გრადაციებით შექმნილი კოლორიტის ჰარმონიულობა.
თავისებურია აქ შემორჩენილი, ძლიერ გაფერმკრთალებული საქტიტორო პორტრეტი სვანეთის დიდებულისა - მოხატულობის მომგებელი ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული, როგორც ეკლესიის მაშენებელი, რაც ძალზე იშვიათია შუასაუკუნოვან მხატვრობაში. სამწუხაროდ, ამ ქტიტორის ვინაობა უცნობია, მისი მაიდენტიფიცირებელი წარწერის უქონლობის გამო. ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ჭოხულდის მოხატულბა ერთადერთის სვანეთში, სადაც გამოსახულებანი განმარტებითი წარწერების გარეშეა დატოვებული.