მოზრდილი დარბაზული ეკლესია, შვერილი აფსიდითა და მინაშენებით სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან (ამ უკანასკნელზე ფასადზე შემორჩენილი კვალი მიუთითებს), ლატალის თემოს სოფ. მაცხვარიშში მდებარეობს. იგი XIII საუკუნეშია აგებული და მის ინტერიერსა და კანკელს XVI საუკუნის მხატვრობა ამკობს; მოხატულობის ძლიერ შელახული კვალი (რომლის მდგომარეობა მისი დათარიღების საშუალებას არ იძლევა) აღმოსავლეთ ფასადზე იხილვება.
ეკლესიის მოხატულობა თავისი ეპოქის კედლის მხატვრობის საკმაოდ საინტერესო და, მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით, დამახასიათებელ ნიმუშს წარმოადგენს. ყურადღებას იპყრობს მოხატულობის საერთო იკონოგრაფიულ პროგრამაში (საუფლო დღესასწაულთა ციკლი, ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებანი) სვანური ფერწერული სკოლის განვითარების წინარე ეტაპებისთვის ნიშნეული ძველი მოტივების გამოყენება, სახელდობრ: მაცხოვარი დიდებითა აფსიდის კონქში (მეორე შემთხვევა აცის მოხატულობის შემდეგ); კამარის საერთო გადაწყვეტა იმავე სქემის მოხმობით, რაც პალეოლოგოსთა ხანის რიგ მოხატულობებში დასტურდება. ნიშანდობლივია წმ. მეომართა და წმ. დედათა გამოსახულებების სიმრავლე, ასევე, მოხატულობის პროგამაში წმ. მკურნალთა ფიგურების შეყვანა, რაც საკმაოდ იშვიათია სვანეთის კედლის მხატვრობაში.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ლატალში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ |
|
| გასაღები | ინახება ჲენაშის მონასტერში ადგილობრივ მოძღვართან - მამა ეგნატე |
|