• მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

  • მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

  • მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

  • მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

  • მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია

ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშში მდებარე მოზრდილი დარბაზული ეკლესია, ორმხრივი გარშემოსავლელით, X საუკუნეს განეკუთვნება. 

ეკლესიის ინტერიერის სრულად მამკობი კედლის მხატვრობა სვანური ფერწერული სკოლის აყვავების ხანის ერთი უმნიშვნელოვანეს ქმნილებათაგანია, რომელიც, შემორჩენილი წარწერის თანახმად, 1140 წელს მხატვარ მიქელ მაღაკელის მიერაა შექმნილი.  

მაცხვარიშის მოხატულობა მრავალმხრივაა ღირსშესანიშნავი, სახელდობრ: 
1. ესაა უადრესი შემთხვევა სვანეთის კედლის მხატვრობაში, როდესაც მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამას საუფლო დღესასწაულთა თითქმის სრული ციკლი შეადგენს, რომლის განაწილება ინტერიერში მართლმადიდებლური „მრწამსის“ ლამისაა მუხლობრივ ილჲუსტრაციას წარმოადგენს. ამ მხრივ, ეს ფერწერული ანსამბლი სრულიად გამორჩეულია არა მარტო შუასაუკუნოვან ქართულ, არამედ, ზოგადად, აღმოსავლეთ საქრისტიანოს კედლის მხატვრობაში. თუმცა, თავისი საერთო სულისკვეთებით, იგი დიოფიზიტური დოქტრინის ჭეშმარიტების განდიდების იმავე ტენდენციის წარმომჩენია, რომლითაც აღბეჭდილია საქართველოს სულიერი ცხოვრება და ხელოვნება ამ ეპოქაში; 

2. მოხატულობის საერთო სისტემის გადაწყვეტა, ინტერიერის არქიტექტურულ თავისებურებებთან მისი მიმართება ნათელი მაჩვენებელია იმ თამამი ძიებებისა მხატვრობის ანსამბლის დინამიკურ მთლიანობად შეკავშირების მიმართულებით, რაც წამძღოლ ტენდენციად ჩნდება საქართველოს კედლის მხატვრობაში ოდნავ მოგვიანებით, XII საუკუნის II ნახევრიდან მოკიდებული.  მაცხვარიშის მოხატულობის ეს დამახასიათებელი ნიშნები გარკვეულ განვითარებას მიქელ მაღლაკელის წრის მოხატულობებში (ნეზგუნის II ფენის მხატვრობა, ჲელი, ჩვაბიანის თარინგზელი, ლაღამის ქვედა ეკლესიის II ფენის მხატვრობა) ჰპოვებს. რაც შეეხება ფიგურათა ხასიათს, მათი სახისა და სამოსის დამუშავების მანერას, მიქელ მაღლაკელი ძველი ტრადიციების ერთგული რჩება და სწორედ ეს ერთგვარი გარდამავლობა, განვითარების ახალი გზების დასახვა, მხატვრული ფორმისადმი ტრადიციული მოდგომის შენარჩუნების კვალად, განსაზღვრავს მიქელის შემოქმედების ინდივიდუალურ თავისებურებებს და მის ადგილს სვანური ფერწერული სკოლის ისტორიაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მაცხვარიშის მოხატულობაში შემორჩენილი საერო პორტრეტები - დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა (მეტად იშვიათი შემთხვევა ქართულ კედლის მხატვრობაში), კერძოდ, მეფისთვის ხმლის შემორტყმის ცერემონიალის ამსახველი, რომელშიც მოხატულობის სავარაუდო მომგებელი, სვანეთის ერისთავი ვარდანისძეა წარმოდგენილი (თანმხლები წარწერით: „ჴრმალსა აბმენ დავითისსა ერისთავნი“). საფიქრებელია, რომ ამ სცენის მოხატულობის პროგრამაში ჩართვა ნაკარნახევი ყოფილიყო სურვილით, უკვდავეყოთ ის დიდი პატივი და პრივილეგია, რომელიც სწორედ ვარდანისძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა საუკუნეების მანძილზე. მეორე პორტრეტი წარმოგვიდგენს კვირიკე მამასახლისს, რომელმაც, მისი თანმდევი წარწერის თანახმად, „დიდი მოჲჭირვა ამის ეკლესიისა ზედგომაჲ ხატვასა ზედა“; მრავლისმთქმელია მეორე წარწერა, ერთგვარად, შთამომავლობისთვის დატოვებული კვირიკეს „ანდერძი“: „ვინცა ამის ეკლესიისა მოძღვარი ან მამასახლისი ჲყო, კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული რომელ ფერი არ დააკლოს“.

სასარგებლო ინფორმაცია

მდებარეობა ლატალში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ
გასაღები ინახება ჲენაშის მონასტერში ადგილობრივ მოძღვართან - მამა ეგნატე

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

სოციალური საწარმო "ლატლიიშდში". სოფელი ლატალი

ლატალში დაფუძნებული ქალთა სოციალური საწარმო "ლატლიიშდში" ტურისტებს სთავაზობს მინიატურული სვანური ქუდის დამზადების მასტერკლასს. იქვე მუშაობენ ხელსაქმეზე - კერვა, ქარგვა. ქმნიან დიზაინს, რომელიც იმეორებს ტრადიციულ ორნამენტს, სამუზეუმო ნიმუშებიდან. საწარმო უზრუნველყოფს სვანური მარილის მომზადებისა და კულინარიის გამოცდილებითი ტურის ორგანიზებას საკუთარ სივრცეში და ლატალის მკვიდრ სხვადასხვა დიასახლისთან.

ფირცხელანების საამქრო, სოფელი ლატალი

ფირცხელანების საამქრო ბესო ფირცხელანის წამოწყებაა. ის არის როგორც ხის ოსტატი, ისე ტრადიციული მუსიკის მცოდნე და ქართული ხალხური საკრავების პედაგოგი. მუშაობს ხეზე, ამზადებს ტრადიციულ ავეჯს, ასევე მუსიკალურ ინსტრუმენტებს: ჩანგსა და ჭიანურს და ასწავლის მათზე დაკვრას. შეუძლია მასტერკლასების შეთავაზება როგორც ხეზე კვეთაში, ისე მუსიკალური ინსტრუმენტის შექმნაში მათთვის, ვინც უკვე ფლობს საბაზისო ცოდნას. 

„მომღერალი სოფელი“ კავშირი „ლიდბაში“ სოფელი ლახუშდი

ჩამგელიანების ოჯახის თაოსნობით სოფელი ლახუშდი 2011 წლიდან მასპინძლობს სვანური მუსიკით დაინტერესებულ ვიზიტორებს. სოფლის ცენტრში მდებარე „მომღერალი სახლის“ სივრცეში იმართება მასტერკლასები, შეხვედრები ეთნოლოგოებთან, ეთნომუსიკოლოგებთან, ცოცხალი მემკვიდრეობითა და ტრადიციებით დაინტერესებულ ვიზიტორებთან. მასპინძლობენ როგორც ერთდღიან ვიზიტორებს, ისე გრძელვადიანად დარჩენის - მუსიკალური რეზიდენციის მსურველებს. შეთავაზებულ ტურისტულ პროდუქტებს შორისაა: მუსიკალური მასტერკლასი, ინსტრუმენტებზე დაკვრა, სიმღერა და ვახშამი. არყის გამოხდა, მარილის გაკეთება, სამზარეულოს მასტერკლასი, კოცონთან ლეგენდების მოყოლა, ოქროს მოპოვების მასტერკლასი მდინარეზე უხუცესებთან ერთად, სვანური სახლის დათვალიერება ლექციით და სხვ.

სასტუმროები

ლალის საოჯახო სასტუმრო, სოფელი იენაში

Google რუკის ბმული
Booking - ის ბმული

Ecohouse, სოფელი ლახუშდი

Google რუკის ბმული
Booking ის ბმული