მომცრო დარბაზული ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება, ლატალის თემის სოფელ იფხში მდებარეობს. მის აღმოსავლეთ ფასადზე ყურადღებას იპყრობს რელიეფური დეკორი, რაც არც ისე ხშირია სვანეთის ეკლესიათა საფასადო შემკულობაში.
ეკლესიის მთელი ინტერიერი და კანკელი X საუკუნის მხატვრობითაა გამშვენებული, ხოლო მის სამხრეთ ფასადზე XII-XIII საუკუნეთა ძლიერ დაზიანებულ-ფრაგმენტირებული მოხატულობაა შემორჩენილი.
იფხის ინტერიერის მოხატულობა ადრეული ხანის სვანეთის მხატვრობის ერთ-ერთი ყურადსაღები ნიმუშია, რომელშიც ნათლად აისახა სვანეთის ადრეულ მოხატულობათა დამახასიათებელი თავისებურებანი: 1. ფერწერული დეკორის მთელს ინტერიერში განფენა (განსხვავებით ამავე ეპოქის მოხატულობებისგან საქართველოს სხვა კუთხეებში, სადაც ამ დროს მხატვრობა მხოლოდ საკურთხეველსა და/ან გუმბათს და ინტერიერის მხოლოდ ერთ კედელს ამკობს); 2. მოხატულობის საერთო იკონოგრაფიული პროგრამის საუფლო დღესასწაულთა ძალზე მცირერიცხოვანი სცენებით შედგენა, რომელთა შერჩევა საგანგებოდ აქცენტირებული ზოგად თეოფანიური იდეის საფუძველზე ხდება, განკაცების დოგმატის განსაკუთრებული გამოყოფით. ეს უკანასკნელი ნიშანი სვანეთის ადრეულ მოხატულობებს აახლოებს საქართველოს სხვა რეგიონთა თანადროულ კედლის მხატვრობაში თავჩენილ საერთო ეპოქალურ სულისკვეთებასთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია მთელს საკურთხეველში მხოლოდ ვედრების სცენის თავისებური განაწილება (რითაც ვედრება-მეოხების გარდა, უფლის განდიდების იდეაა ხაზგასმული) და ეკლესიის წმ. მამათა ფიგურების დარბაზში განთავსება (ბიზანტიურ სამყაროში ამ დროს მიღებული ზოგადი წესის შესაბამისად). ნიშანდობლივია, ასევე, წმ. მეომართა ჰერალდიკური კომპოზიციის კამარაზე გამოსახვა, რაც ზოგადად, სვანეთის ადრეულ მოხატულობათა გამორჩეულ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს. სადღესასწაულო ციკლის სცენათაგან მნიშვნელოვანია შობის სცენის თავისებური იკონოგრაფიული რედაქციის გამოყენება, რომელსაც პარალელები კაპადოკიის ამავე ეპოქის მოხატულობებში ეძებნება, ხოლო მიძინების სცენა ერთ-ერთი უადრესი მაგალითია საქართველოს კედლის მხატვრობაში ამ სცენის გამოსახვისა.
მოხატულობის ანსამბლის საერთო გადაწყვეტით, ფიგურათა სახეებისა და სამოსის დამუშავების მანერით, მჟღერი ფერადოვნებითა და მიდრეკილებით დეკორატიულობისკენ იფხის მოხატულობა დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს აცის (იფარის თემი) თარინგზელის (წმ. მთავარანგელოზთა) ეკლესიის მხატვრობასთან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ორი ფერწერული ანსამბლი ერთი მხატვრული სახლოსნოს ოსტატთა ნახელავია.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ეკლესია მდებარეობს ლატალის ცენტრალური მაგისტრალიდან 15 წუთში ფეხით |
|
| ხელმისაწვდომობა | იმ შემთხვევაში თუ მაგისტრალიდან მანქანით მგზავრობთ, ორ-ხიდიან მანქანას გირჩევთ |
|
| გასაღები | ეკლესია ღიაა |
|