მოზრდილი დარბაზული ეკლესია სამმხრივი გარშემოსავლელით ლატალის თემის სოფ. ჲენაშში მდებარეობს. მასში ორი სამშენებლო ფენა განირჩევა - X საუკუნისა (საკუთრივ ეკლესია) და XIII საუკუნისა (გარშემოსავლელი, ფასადთა დამახასიათებელი გადაწყვეტით).
ჲენაშის ეკლესია მთლიანად მოხატულია, თუმცა, ამჟამად მისი ფერწერული დეკორი ძალზე დაზიანებულ-ფრაგმენტირებულია და ძლიერი გვიანი გადაწერის კვალს ატარებს. მოხატულობა, რომელიც ეკლესიის ინტერიერის გარდა, მის კანკელსაც ამკობს, XIII-XIV საუკუნეთა მიჯნით თარიდება და უადრესია სვანეთში შემორჩენილ პალეოლოგოსთა ხანის მოხატულობებს შორის. მოხატულობის საერთო იკონოგრაფიულ პროგრამაში (ვედრება, ეკლესიის წმ. მამანი და წმ. დიაკვანი - საკურთხეველში, ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი, იონას სასწაულებრივი ხსნა და ცალკეუი წმიდანნი - დარბაზში)თვალს ხვდება რიგი სიახლეებისა, რომელნიც პირველად ჩნდება სვანეთის კედლის მხატვრობაში, სახელდობრ: 1. საკურთხეველში, ეკლესიის წმ. მამათა ¾-ით გამოსახვა, გაშლილი გრაგნილებით ხელში, რომლებზეც ლიტურგიკული ტექსტებია დატანილი და 2. კამარის გადაწყვეტა, მის ცენტრში საგანგებოდ გამოყოფილი ორი კოპოზიციით (ამაღლება, ქრისტე-ძველი დღეთა); ორივე ეს თავისებურება ამავე ჯგუფის მოხატულობებშიცაა განმეორებული. ამას გარდა, ნიშანდობლივია, რომ მოხატულობის პროგრამას ზოგად ესქატოლოგიური იდეა უდევს საფუძვლად, როგორც ამავე ჯგუფის დანარჩენ მოხატულობებში, რაშიც ასახვას ჰპოვებს ამ ეპოქისთვის ნიშნეული სულიერი ცხოვრების საერთო ტენდენცია, რაც, თავის მხრივ, სვანეთის ამ მოხატულობებს აახლოვებს ამავე ტენდენციის წარმომჩენ ფერწერულ ანსამბლებთან საქართველოს სხვა მხარეებში (აჭი, უბისი, ვამეყ დადიანის საძვალე ხობში).
ჲენაშის მხატვრობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ აქ ლიხთიმერეთის მეფის, კონსტანტინე I-ის (1293-1327), 1305 წელს ქართველთა ხელში დაბრუნებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ახლად მორთვა-მოხატვის მომგებლის (რისთვისაც მას სიცოცხლეშივე განუწესდა აღაპი/მოსახსენებელი კონსტანტინე დიდის ხსენების დღეს), სამწუხაროდ, ამჟამად, ძალზე დაზიანებული, პორტრეტია წარმოდგენილი (შემონახულია გოშქოთელიანისადმი გაცემული მისი სიგელი). უჩვეულოა მეფის შესამოსელი - მანიაკ-ლორონით შემკული, მაგრამ მოკლე, წელშიგამოყვანილი კაბა (ასეთივე სამოსშია იგი გამოსახული რუისპირის (ისტ. არტოზანის) წმ. შიოს ეკლესიის მოხატულობაშიც). მეფის პორტრეტის გარდა, აქვეა მეორე საქტიტორო პორტრეტიც - ადგილობრივი დიდებულის, ბეშქენისა (მისი გვარი არაა შემორჩენილი), მცირეწლოვან ვაჟთან ერთად.
ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია უფრო ადრეული მხატვრობის უმნიშვნელო კვალი (ფიგურის სახის პატარა ფრაგმენტი და წარწერა „ბარლიანსა“, რაც აქ საქტიტორო პორტრეტის არსებობაზე მიანიშნებს), რომელიც მისი შესრულების დროის დაზუსტების საშუალებას არ იძლევა.
სასარგებლო ინფორმაცია
| მდებარეობა | ლატალში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ |
|
| გასაღები | ინახება ჲენაშის მონასტერში ადგილობრივ მოძღვართან - მამა ეგნატე |
|